X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება

6 ივნისი 2020

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

„განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მარნეულში  ინფრასტრუქტურული სამუშაო გაჩერებული გვქონდა, ახლა კი ყველა პროექტი განახლდა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია წყალმომარაგების და წყალარანიების სისტემების მშენებლობა, რომელიც ასობით ოჯახის გრაფიკის გარეშე, 24-საათიან მომარაგებას უზრუნველყოფს. ეს პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 150 მლნ ლარით აფინანსებს, მომავალ წელს დასრულდება, თუმცა როგორც კონტრაქტორთან ვისაუბრეთ, უკვე სექტემბრიდან, ეტაპობრივად დავიწყებთ მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (წერეთელი, საიმერლო, ყიზილაჯლო, დიდი და პატარა ბეგლარი) 30 ათასზე მეტი მცხოვრები სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 40 ათასამდე ადამიანზეა გათვლილი.